Loading data...
გერმანია ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ რუსეთი მზადაა დათანხმდეს ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი ომის მშვიდობიან მოგვარებას

გერმანია ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებას. კრემლის ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად უკრაინაში „ყოველდღიურ ომის დანაშაულებს“ ჩადის. კრემლი უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ახორციელებს.

„ჩვენ, ასევე, ვხედავთ უკრაინის მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განურჩევლად დაბომბვას... ეს არის ყოველდღიური ომის დანაშაულები, რომლებსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ სჩადის“, - განაცხადა მერცმა. 

მერცმა დასძინა, რომ ის და მისი ლიეტუველი კოლეგა სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმის მიმართ, რომ რუსეთი რეალურად მზადაა დათანხმდეს ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი მშვიდობიან მოგვარებას.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა შეინარჩუნონ ზეწოლა კრემლზე, შეინარჩუნონ სანქციები და გაამკაცრონ ისინი, ვიდრე რუსეთი იძულებული არ გახდება უკრაინაში ომი მშვიდობიანად მოაგვაროს. 

ომის დასრულების გასაღები უკვე ოთხი წელია მოსკოვშია... ფასი, რომელიც მოსკოვმა უნდა გადაიხადოს ამ ომისთვის, მათ შორის ეკონომიკური ფასი, კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე გაიზრდება“, - შეაჯამა მერცმა.