Loading data...
გერმანია და საფრანგეთი უკრაინას ევროკავშირში სიმბოლურ სტატუსს სთავაზობენ - Financial Times

გერმანია და საფრანგეთი უკრაინას ევროკავშირში სიმბოლურ, შუალედურ სტატუსს სთავაზობენ, ვიდრე ის კავშირში წევრობისთვის მზად იქნება. სიმბოლური სტატუსის დროს ქვეყანას არ ექნება წვდომა საერთო ბიუჯეტზე, არ ექნება ხმის უფლება და ვერ მიიღებს სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებს. ამის შესახებ Financial Times იუწყება.

როგორც გამოცემა ბრიუსელში არსებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბერლინის და პარიზის ამ პოზიციას ევროკავშირის წევრთა უმეტესობა მხარს არ უჭერს. ამ მიდგომის შემთხვევაში უკრაინა შეძლებდა მრავალწლიანი ბიუროკრატიული პროცედურის თავიდან აცილებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გერმანია უკრაინას ამ შესაძლო სტატუსს „ასოცირებულ წევრობას“ უწოდებს, ხოლო საფრანგეთი „ინტეგრირებული სახელმწიფოს სტატუსს“. კიევი კი მას „ევროკავშირის ჩრდილოვან წევრობას“ უწოდებს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინას უფრო ფართო შუალედურ სტატუსს, სავარაუდოდ, არ შესთავაზებს. გერმანიამ და საფრანგეთმა შესაბამისი დოკუმენტები უკვე მოამზადეს და მას ევროკავშირს განსახილველად წარუდგენენ.