გერმანია და პოლონეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმის რეალიზებას იწყებენ
გერმანია და პოლონეთი გეგმავენ, რომ თავდაცვის სფეროში შეთანხმებას კონკრეტული შინაარსი შესძინონ. ამ საკითხზე სამთავრობათაშორისო კონსულტაციები 2027 წლის იანვარში ჩატარდება და ამ შეხვედრისთვის კონკრეტული გეგმა უნდა იყოს შემუშავებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
განცხადება ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პოლონელ კოლეგასთან, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა განმტკიცდეს და ევროპაზე ერთობლივად პასუხისმგებლობა ავიღოთ,“- განაცხადა პისტორიუსმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, პირველ რიგში, საუბარია თანამშრომლობის გაღრმავებაზე თავდაცვის მრეწველობის კუთხით. ამის შედეგად ევროპა სხვა კონტინენტებზე უფრო ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული, უნდა არსებობდეს მიწოდების სტაბილური ჯაჭვები და საჭირო რაოდენობით შეიარაღების წარმოება.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამჟამად პოლონეთის ტერიტორიით გერმანიის შეიარაღებული ძალების 2000 სამხედროს გადასროლა ხდება. ასევე ხდება 700-მდე ერთეული სხვადასხვა ტექნიკის გადაყვანა. გერმანია აქტიურად ეხმარება პოლონეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში და მას Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემებსა და Eurofighter-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს აწვდის. ორი ქვეყნის საინჟინრო ქვედანაყოფები ერთობლივად აშენებენ თავდაცვით ნაგებობებს.