Loading data...
გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა ახალი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ისაუბრა, რადგან მისივე თქმით, ნატოს არ შეუძლია ეფექტურად უპასუხოს გლობალურ კონფლიქტებს. ამის შესახებ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ნატოს კრიტიკა და ალტერნატივის შეთავაზება 👇

კელოგმა ალიანსის მოკავშირეები ირანში კონფლიქტთან დაკავშირებით მათი პოზიციის გამო გააკრიტიკა და ორგანიზაციას „ლაჩარი“ უწოდა. 

კიტ კელოგის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს არსებულ პარტნიორობას და განიხილოს ნატოდან გასვლის შესაძლებლობა.

„ნატო ლაჩარი აღმოჩნდა. შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა“, - განაცხადა კელოგმა. 

კიტ კელოგმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლი ახსენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს დატოვოს ალიანსი ოფიციალური შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ.

კელოგმა ალტერნატიული ალიანსის სტრუქტურების იდეა წამოაყენა.

„თავიდან გადავანაწილოთ თავდაცვითი ალიანსები; შესაძლოა, შევქმნათ ახალი გაერთიანება იაპონიასთან, ავსტრალიასთან და იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან ბრძოლაში ჩასაბმელად - მაგალითად, ახალ, ხელახლა გააქტიურებულ გერმანიასთან ან პოლონეთთან. ასევე უკრაინასთანაც, რომელმაც დაამტკიცა, რომ კარგი მოკავშირეა“, - აცხადებს კიტ კელოგი.