Loading data...
გებრეისუსი: „ხანტავირუსის მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს“

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაციის შემდეგ ამ ეტაპზე ხანტავირუსის მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამასთანავე, გებრეისუსი ამბობს, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ვირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდეს.

საკრუიზო ლაინერმა MV Hondius-მა ესპანეთის პორტი ტენერიფე ორი დღის წინ დატოვა და ნიდერლანდების პორტ როტერდამში ჩავიდა. 28 მგზავრი კი ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში ჩაიყვანეს.

ამ გემზე ვირუსისგან სამი ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯაში ჯანმომ ხანტავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა დააფიქსირა.

ერთი პაციენტი პარიზის კლინიკაში მკურნალობს და მას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდა. კიდევ ერთი პაციენტი ესპანეთში იმყოფება, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადების ფორმა უფრო მსუბუქ ხასიათს ატარებს.

ნიდერლანდული კლინიკის 12 თანამშრომელი კარანტინში იმყოფება, რადგანაც მათ გემიდან ევაკუირებულ მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ჯანმოში აცხადებენ, რომ საკრუიზო ლაინერზე ხანტავირუსის აფეთქებასთან ბრძოლის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

ხანტავირუსი მღრღნელებით გადაეცემა. ანდის ტიპის შტამის გადაცემა ადამიანისთვის სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამ შტამით ინფიცირდნენ საკრუიზო გემის მგზავრები.

ხანტავირუსის სიმპტომებია ციებ-ცხელება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და ჰაერის უკმარისობა.

მანამდე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაავადების სერიოზული აფეთქება ნაკლებად სავარაუდოა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ამ მხრივ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

საკრუიზო ლაინერმა MV Hondius-მა არგენტინის პორტი უშუაია 1-ელ აპრილს დატოვა, მის ბორტზე 23 ქვეყნის 147 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.