გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა
„უკრაინელთა უმრავლესობა ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას ემხრობა, ნახევარზე მეტი კი მზადაა, ტერიტორიულ დათმობებზეც დაფიქრდეს, თუ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, რასაც მოწმობს სოციოლოგიური ორგანიზაციის „რეიტინგ ჯგუფის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები“, - ამის შესახებ ინფორმაციას UNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, რესპონდენტთა 83% მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, ხოლო, 57% - საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და კომპრომისის ძიებას. ამასთანავე, გამოკითხულთა 56% მზადაა, ტერიტორიული დათმობები განიხილოს, თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 13% საომარი მოქმედებების გაგრძელებას ემხრობა მანამ, სანამ 2022 წლის საზღვრებში არსებულ ტერიტორიებზე კონტროლი არ აღდგება. კიდევ 21% მხარს უჭერს ბრძოლის გაგრძელებას 1991 წლის საზღვრების აღდგენამდე, ანუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე.
გამოკითხვის შედეგები მიუთითებს დიპლომატიური გზით მოგვარების მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, თუმცა, კომპრომისებზე წასვლის მზაობა კვლავაც უსაფრთხოების გარანტიებთან არის დაკავშირებული.