FT: წლის ბოლომდე უკრაინა დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ შემტევ კომპლექტებს მიიღებს

ამერიკულ-გერმანული პროგრამული საშუალებების კომპანია, Auterion რუსულ დრონებთან გასამკლავებლად უკრაინას დრონებისთვის ათეულობით ათას ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ სისტემას გაუგზავნის.
როგორც Auterion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლორენც მაიერმა Financial Times-ს განუცხადა, კომპანია წლის ბოლომდე 33 000 ასეთ სისტემას მიაწვდის და ეს იქნება ასეთი სისტემების ყველაზე დიდი მიწოდება. მისი კომპანიის პროგრამული საშუალება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინულ დრონებში უკვე გამოიყენება, თუმცა, მისი თქმით, ახალი ვალდებულება მასშტაბით 10-ჯერ დიდია.
მეიერმა აღნიშნა, რომ კონტრაქტი არ არის უკრაინა-აშშ-ს შორის დრონების შესახებ „მეგა-გარიგების“ ნაწილი, რომლის შესახებაც გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია.
მეიერის თქმით, Auterion-ის დარტყმით კომპლექტს - რაც Skynode-ად წოდებულ მინიატიურულ კომპიუტერს წარმოადგენს, რომელიც კომპანიის პროგრამულ საშუალებაზე მუშაობს და კამერითა და რადიოთია აღჭურვილი - შეუძლია, ხელით მართული დრონი „ხელოვნური ინტელექტით მომუშავე სისტემად გარდაქმნას“, რომლის ჩახშობაც ვერ ხერხდება და მას მოძრავი სამიზნის ადევნება ერთი კილომეტრის სიშორეზე შეუძლია.
მაიერის თქმით, Auterion-ის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას მოგცემს „სამხედრო ოპერაციები შემდეგ დონეზე აიყვანოთ“, რაც დრონების ჯგუფებს საშუალებას მისცემს, გუნდურად იმუშაონ და ერთმანეთთან კოორდინაცია მოახდინონ.