ფრიდრიხ მერცი: თეირანის ხელმძღვანელობა დასუსტებულია და ძლევამოსილებას ვეღარ დაიბრუნებს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებაზე კანადაში მყოფმა ლიდერებმა ისაუბრეს.
ისრაელ/ირანის კონფლიქტი G7 სამიტიდან გერმანიის კანცლერმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „თეირანის ხელმძღვანელობა, ისრაელის თავდასხმების შემდეგ, დასუსტებულია და სავარაუდოდ, ვეღარ დაიბრუნებს ძლევამოსილებას“.
„განვითარებული მოვლენების ფონზე, ირანის ბედი გაურკვეველია. მოგვიწევს, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი“, - დასძენს კანცლერი.
ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპელი ლიდერების მხრიდან დახმარების შეთავაზება, მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში, ძალაში რჩება.
„მოვლენების ახლებურად განვითარების შემთხვევაში, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, კვლავ, მზადყოფნას გამოვთქვამთ დიპლომატიური დახმარების გასაწევად, როგორც ეს გასულ კვირას აღვნიშნეთ“, - აცხადებს მერცი.