Financial Times: უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებული იქნება იმაზე, დაეთანხმება თუ არა კიევი თავისი ჯარების გაყვანას დონბასის არაოკუპირებული ნაწილებიდან
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას ნათლად განუცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებული იქნება იმაზე, დაეთანხმება თუ არა კიევი თავისი ჯარების გაყვანას დონბასის არაოკუპირებული ნაწილებიდან, - წერს Financial Times.
Financial Times-ის ცნობით, ვაშინგტონმა, ასევე, მიანიშნა, რომ მშვიდობის დროს უკრაინას შეუძლია მეტი იარაღი შესთავაზოს თავისი არმიის გასაძლიერებლად, თუ კიევი დათანხმდება ჯარების გაყვანას აღმოსავლეთ რეგიონის იმ ნაწილებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „100%-ით“ მზად არის და კიევი ახლა ელოდება ხელმოწერის დროსა და ადგილს. ზელენსკი არაერთხელ აცხადებდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს დაცული.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს განუცხადა, რომ აშშ „ყოველთვის ჩერდება, როდესაც საქმე გარანტიებზე ხელმოწერას ეხება“.
როგორც მედია წერს, კიევი გარანტიების დადასტურებას ნებისმიერი ტერიტორიის დათმობამდე ითხოვს. თუმცა, აშშ მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ დონბასი უნდა დათმოს და არ ახორციელებს ზეწოლას კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, რათა მან ეს მოთხოვნა შეწყვიტოს.
აშშ-ის პოზიციის შესახებ ინფორმირებულმა კიდევ ერთმა პირმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა ორივე მხარე სამშვიდობო შეთანხმებას.