Loading data...
Financial Times: პუტინის, ტრამპის და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, ჩინეთში გაიმართოს

ამერიკელი, ჩინელი და რუსი ოფიციალური პირები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაძლო სამმხრივი შეხვედრის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა, შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართოს. აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

ვაშინგტონში, პეკინსა და მოსკოვში არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებული წყაროების განცხადებით, სამი ქვეყნის ოფიციალური პირები ორი კვირის განმავლობაში სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სახელმწიფოთა მეთაურების პირველი სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე APEC-ის სამიტზე, რომელიც 18-19 ნოემბერს ჩინეთში გაიმართება.

„ასეთი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა გრძელდება“, - განუცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა Financial Times-ს.

სამმხრივი სამიტის გამართვის პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პეკინი „ჩინეთისა და რუსეთის სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრასთან დაკავშირებით შესაბამის მხარეებთან კონტაქტზე იმყოფება“. თუმცა ჩინეთის საგარეო უწყებაში ტრამპთან სამმხრივ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. 

ინფორმაციისთვის, 19 ოქტომბერს გამოცემა „Wall Street Journal“-მა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.