Financial Times - პუტინი ხანგრძლივ ომს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარას ყურადღებას არ აქცევს და უკრაინაში ომის გაგრძელებას საკუთარი მიზნების მიღწევამდე აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
როგორც ჟურნალისტი სილვი კაუფმანი თავის სტატიაში წერს, ტრამპი ახლა ხანგრძლივი კონფლიქტის პერსპექტივაზე უნდა დაფიქრდეს, რადგანაც პუტინს სურს თავის საბოლოო მიზანს მიაღწიოს - მას უკრაინის დამორჩილება სურს, ხოლო უკრაინელები რუსეთთან ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტს მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის ლიდერმა ცალსახად განაცხადა: ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ კონფლიქტის „ძირეული მიზეზები“ უნდა აღმოფხვრას. პუტინის აზრით, ეს ნიშნავს დაბრუნებას ნატოს 1997 საზღვარზე და უკრაინისთვის რაიმე ფორმის სუვერენიტეტის ჩამორთმევას. ეს არის კომპრომისი, მისი გაგებით“, - წერს კაუფმანი.
ჟურნალისტი წერს, რომ პუტინის აზრით, მისი უპირატესობა ბრძოლის ველზე იზრდება. ამასთანავე, ომში დამარცხება პუტინისთვის წარმოუდგენელია, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკაც და პუტინის ლეგიტიმურობაც ამ ომის გარშემო არის აგებული.
„უკრაინელებისთვის კი ომში წაგება უკრაინის დასასრულს ნიშნავს“, - წერს სილვი კაუფმანი.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის სტრატეგიის გაურკვევლობამ უკრაინასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ევროპას უკრაინის შეიარაღებისკენ უბიძგოს.
„ევროპაში ბევრი შიშობს, რომ ტრამპმა შეიძლება უკრაინის მიმართ ინტერესი დაკარგოს და სხვა საკითხებზე გადაერთოს, როგორც ეს პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გააკეთა. ამიტომ, ევროპელების მოვალეობაა უკრაინისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენა, რადგანაც უკრაინის დამარცხება ევროპისთვის წარმოუდგენელია“, - წერს სილვი კაუფმანი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას რუსეთ-უკრაინის საკითხზე ძალზე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.