Loading data...
Financial Times: დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის Patriot-ის სისტემისთვის ასობით დამატებითი გამანადგურებელი რაკეტის მიწოდებაზე უარი უთხრა

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის ასობით დამატებითი გამანადგურებელი რაკეტის მიწოდებაზე. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. 

საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ტრამპმა გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრისას უარყო უკრაინელი კოლეგის მოთხოვნა, ზამთრამდე კიევისთვის Patriot-ის ტიპის ასობით დამატებითი რაკეტის მიწოდებაზე.

წყაროების ცნობით, ტრამპმა საკუთარი პოზიცია აშშ-ის მარაგებში გამანადგურებლების დეფიციტით ახსნა და თქვა, რომ ისინი ახლა საჭიროა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ობიექტების და რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების დასაცავად ირანთან ომის კონტექსტში.

ამავდროულად, პენტაგონის ხელმძღვანელმა Patriot-ისა და THAAD-ის სისტემებისთვის განკუთვნილი გამანადგურებლების მარაგების მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებს სიცრუე უწოდა და ჟურნალისტები „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს THAAD-ის ტიპის რაკეტების დაახლოებით 80% და Patriot-ის ტიპის რაკეტების დაახლოებით 65% გამოიყენეს.