FBI: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ყალბი ვიდეოზარების გამოყენებით 400 მილიონი დოლარი მოიპარეს
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი ვიდეოზარების გამოყენებით 400 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს, - ამის შესახებ FBI აცხადებს.
FBI-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა დანაშაულებრივი სქემა, სახელწოდებით „FaceStealer“, განახორციელეს, რომელიც პიროვნების იდენტობის მითვისებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ყალბ ვიდეოზარებს მოიცავს.
ამასთან, FBI ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ჰაკერებს კრიპტოვალუტის პლატფორმა Binance-იდან 6 მილიარდი დოლარის მოპარვასაც ედავება, რასაც ფხენიანი უარყოფს.
„ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი კრიპტოვალუტის მასშტაბური ქურდობით მიღებულ თანხებს უკანონო შეიარაღების პროგრამის დასაფინანსებლად იყენებს. ბოლო წლებში კი მილიარდობით დოლარი მოიპარა“, - აცხადებს FBI-ის კიბერგანყოფილების ოპერაციების დირექტორი ბრეტ ლეზერმანი.
ამერიკული უწყების ცნობით, ბოლო 18 თვის განმავლობაში აღნიშნული სქემით 400 მილიონ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტა მოიპარეს.
FaceStealer-ის ჰაკერები მსხვერპლს ნაცნობი ადამიანის სახელით უკავშირდებიან და ვიდეოშეხვედრაზე იწვევენ. ნდობის მოსაპოვებლად ისინი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ დიფფეიქ ვიდეოს იყენებენ.
შემდეგ ჰაკერები თითქოს ტექნიკურ ხარვეზს აწყდებიან და მსხვერპლს სთავაზობენ ბმულზე ან შესაბამის შეტყობინებაზე გადასვლას, რაც საბოლოოდ მოწყობილობაში მავნე პროგრამის ინსტალაციას იწვევს.
მსხვერპლის საკონტაქტო სიებზე, სოციალურ ქსელებსა და საკომუნიკაციო აპლიკაციებზე წვდომის მოპოვების შემდეგ, თავდამსხმელები მის ვინაობას ირგებენ და ახალ მსხვერპლებს ეძებენ.
FBI-ის კიბერდანაშაულის მიმართულების წარმომადგენლის, პატრიკ გრანდის განცხადებით, ეს არის განსაკუთრებით ეფექტიანი თაღლითური სქემა, რომელსაც გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანების მოტყუებაც შეუძლია.
FBI-ის ცნობით, უწყებამ FaceStealer-ის მსხვერპლთა 900-ზე მეტი ვებკამერის ჩანაწერი ამოიღო.