Loading data...
„ევროპოლმა“ ათასობით ექაუნთი დაბლოკა, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსთან იყო დაკავშირებული

„ევროპოლმა“ 19 ქვეყანაში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსის ათასობით ექაუნთი დაბლოკა. ასევე ევროპის პოლიციამ X-ში დაჯგუფების ექაუნთიც წაშალა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში „ევროპოლმა“ 14 200 პოსტი, ექაუნთი და ლინკი წაშალა. ბლოკირებამდე X-ში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ 150 000 გამომწერი ჰყავდა.

თებერვალში ევროკავშირმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. „ევროპოლის“ ოპერაცია 13 თებერვლიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა და 19 ქვეყანაში გახსნილ ექაუნთებზე დაკვირვება მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსმა კარგად სტრუქტურირებული ციფრული ქსელი შექმნა, რომელიც ძირითად სოციალურ ქსელებს, სტრიმინგის სერვისებს, ბლოგებს და დამოუკიდებელ ვებსაიტებს მოიცავდა. კონტენტი არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ. ესპანურ და ინდონეზიურ ენებზე ვრცელდებოდა.

ოპერაციის დროს ნაპოვნი იყო მასალები, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა. საუბარი იყო რელიგიურ მოწამეობაზე, ასევე აღმოჩენილი იყო ვიდეორგოლები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იყო შექმნილი და იქ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქება-დიდება მიმდინარეობდა. ასევე იყო შურისძიების მოწოდებები ირანის დაღუპული სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის სახელით.

ასევე გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ციფრული ოპერაციების დასაფინანსებლად „გუშაგთა კორპუსი“ კრიპტოვალუტას იყენებდა და ეს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევდა.

„ევროპოლში“ აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია შიდა უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილია და რომ ProtectEU-ს ფარგლებში ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.