ევროპელი მოკავშირეები ისრაელს მოუწოდებენ, ირანის თავდასხმას არ უპასუხოს - The Times Of Israel
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ისრაელს მოუწოდებენ, 13 აპრილის ღამეს განხორციელებული თავდასხმის გამო, ირანს სამაგიერო არ გადაუხადოს. ევროპელი მოკავშირეები ისრაელს აფრთხილებენ, რომ სამხედრო პასუხი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს, ირანს უპასუხოს, მაგრამ ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ სჯობს „თავით იფიქრონ და არა - გულით“. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, კამერონი ფიქრობს, რომ ისრაელი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ დაიცავს მოქალაქეებს, თვითონ მიიღებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ისრაელს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა ესკალაცია თავიდან აიცილონ.
„ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან არასტაბილურია. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გამოიჩინოს თავშეკავება. საფრანგეთი მისი დაცვის უზრუნველყოფის ერთგულია“, - განაცხადა მაკრონმა.
მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმაც. მან პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა „თავდაცვით გაიმარჯვა“, მან ახლა დიპლომატიური გზებით უნდა დაიცვას ეს გამარჯვება.
„ახლა ჩვენ რეგიონში ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა ბერბოკმა და დაამატა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.
კრიტიკის საპასუხოდ ირანი ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა, დასავლეთს კი მოუწოდებს, რომ „ბოლო თვეებში ირანის მხრიდან გამოჩენილი თავშეკავება დააფასონ“.
„ირანის წინააღმდეგ ბრალდებების სანაცვლოდ, [დასავლურმა] ქვეყნებმა საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ და საზოგადოებას უნდა უპასუხონ, რა ზომებს იღებდნენ ღაზაში ისრაელის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანიმ.