Loading data...
ევროპარლამენტარი მარტინ ზონებორნი: კალასი არის ევროკავშირის „დაბალი წარმომადგენელი“, მამამისის გარეშე სავარაუდოდ ბევრად უფრო შესაფერისი საქმიანობა ექნებოდა, „ლაიფსტაილ ინფლუენსერი“

ევროკავშირის „დაბალი წარმომადგენელი“. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მიუნხენზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს. დაწერა წიგნი, რომელშიც არაფერი წერია. მამამისის გარეშე (სიმ კალასი) სავარაუდოდ სახელმწიფო მოღვაწე კი არა, ბევრად უფრო შესაფერისი საქმიანობა ექნებოდა (ლაიფსტაილ ინფლუენსერი), - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, მარტინ ზონებორნი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზონებორნი წერს, „ევროკავშირის მთავარი დიპლომატი იმდენად უსარგებლოა, რომ ისეთი ტიპიც კი, როგორიც მარკო რუბიოა, „ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის“ არ ხვდება“.

„ის უარყოფს, რომ რუსეთი და ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულები არიან („ეს ჩემთვის ახალი ამბავია“), ერთმანეთში ერევა ბორის პისტორიუსი და არმინ ლაშეტი, ღიად ოცნებობს რუსეთის პატარა სახელმწიფოებად დაშლაზე, ხალხს და საკუთარ თავსაც ურჩევს, „დალევა ახლავე დაიწყონ“, ამავე დროს, მაშინ როცა მის უკან ევროკავშირის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ დგას, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას ადანაშაულებს ევროკავშირის „დაყოფაში“.

ჯერ კიდევ თუ გაკლიათ წარმოდგენა მისი დიპლომატიური გენიალურობისა და სტრატეგიულად რთული აზროვნების შესახებ, უბრალოდ გადახედეთ მის მხოლოდ გასული კვირის განცხადებებს. ჯერ მან ახსნა თავისი „კონცეფცია“ ევროპის შესახებ, როგორც გეოგრაფიული საზღვრებისგან გათავისუფლების იდეა, სადაც საქმე „გეოგრაფიას“ კი არა, „ღირებულებებს“ ეხება, რის გამოც ევროკავშირი თავისუფლად შეიძლება იყოს განთავსებული გვინეა-ბისაუში, კანადასა და ჩრდილოეთ კორეაში. შემდეგ მან „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის პასუხად მოიაზრება ჩინეთის „აბრეშუმის გზაზე“, დაფინანსების შეწყვეტა შესთავაზა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას არ ემორჩილებიან. ამით, პრაქტიკულად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დაიყვანა იმაზე, რომ საჯაროდ დაუყეფოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენზე კიდევ უფრო უმნიშვნელო და სასაცილოები არიან (ორმაგი სტანდარტების უკვე გამოცდილი პრინციპით).

ბოლოს კი მან ჩინეთი „დაავადებას“ შეადარა, ხოლო ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა - „კიბოს“, რომელსაც ევროპული ქვეყნები აქამდე მხოლოდ „მორფინის დოზებით“ (კორპორატიული სუბსიდიებით) ებრძოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ „ქიმიოთერაპია“ (პროტექციონიზმი და ეკონომიკური ომი) დაეწყოთ. ახლა კი ის ევროპარლამენტს ეუბნება, რომ ევროკავშირს, რომელიც მისი წინამორბედების დროს მაინც რაღაც მხრივ ირანის საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრი იყო, ახლო აღმოსავლეთისთვის სტრატეგია არ აქვს, რადგან იქ უბრალოდ ზედმეტად ბევრი რამ ხდება.

ონლაინ კომენტარები მერყეობს „სულელი ბარბიდან“ დაწყებული, იმ წინადადებამდე, რომ „უმაღლესი წარმომადგენლის“ თანამდებობას დროებით „დაბალი წარმომადგენელი“ ეწოდოს. ის თუ მოახერხებს და სხვა კანდიდატებსაც – და სხვა მიზეზებით არანაკლებ შეუსაბამო მერკელს, დრაგის, სტუბს გადაასწრებს და უკრაინის ომში მთავარი მომლაპარაკებელი გახდება, როგორც თავად სურს, ჩვენ, ევროპელებს, საქმე ცუდად წაგვივა.

ევროპარლამენტში კალასს (და მის ყურადღების ძიებისა და თვითშეფასების ფეთქებად ნაზავს) ფარულად „ევროპულ ბირთვულ ვარიანტს“ ვეძახით: ის ჩვენი პატარა (უფრო ეკოლოგიური) ატომური ბომბია, რომლის გამოჩენისთანავე ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ დგას, ძალიან სწრაფად ფერფლად იქცევა“, - წერს ევროპარლამენტარი მარტინ ზონებორნი.