Loading data...
ევროკომისია პუტინის „სააღდგომო ზავზე“: ჩვენ გვინდა დავინახოთ აგრესიის რეალური დასასრული

ევროკომისიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის 30-საათიანი „სააღდგომო ზავის“ შესახებ და განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, თუ ამას მოისურვებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, იუწყება Reuters

„რუსეთს აქვს აგრესორის რეპუტაცია, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავინახოთ აგრესიის რეალური შეჩერება და მკაფიო ქმედებები გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ჰიპერმა.

მან აღნიშნა, რომ ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდა.

„რუსეთს შეუძლია ეს ომი ნებისმიერ დროს შეაჩეროს, თუ მას ნამდვილად სურს... ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიანი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად”, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 აპრილს უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ცეცხლის შეწყვეტა 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს.