Loading data...
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტე უახლოეს პერიოდში თუ არ გაიხსნება, ამას მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება

თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე გემებით ნევთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის არ გაიხსნება, ამან მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში აპოსტოლოს ციციპოსტასმა განაცხადა

როგორც ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში აღნიშნა, ირანში ომით გამოწვეული საწვავის დეფიციტი ყველა სახის ტრანსპორტს შეეხება.

მისი თქმით, „ევროპის ზოგიერთ ნაწილში კომერციული თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი საწვავის მარაგები ზეწოლას განიცდის“, თუმცა, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საწვავის დეფიციტის „ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს“.

„ევროპას აქვს საგანგებო რეზერვები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, თუ ეს აუცილებელი გახდება. ამ ეტაპზე ბაზარი ამ შოკს უმკლავდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, თუ ვითარება გაუარესდება, ევროკომისია მზადაა საკუთარ გეგმებში შესწორებები შეიტანოს.

„ჰორმუზის სრუტის ბლოკადა აშკარა შეხსენებაა, რატომ უნდა დავაჩქაროთ ალტერნატიულ საწვავზე გადასვლა. ევროკავშირი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, - დასძინა ევროკომისარმა.