Loading data...
ევროკომისარი აცხადებს, რომ თუ პუტინი ომს არ შეწყვეტს, ევროკავშირი მზადაა უკრაინას დახმარება გაუორმაგოს

ევროკავშირი მზადაა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას დაასრულოს ომი, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მან აღნიშნა, რომ ამ დრომდე ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინას ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიეს. თუმცა, ამ თანხების უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ისინი უკრაინელი მწარმოებლებისგან პირდაპირ იარაღის შეძენაში ინვესტირებას მოახდენდნენ.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, უკრაინაში წარმოებული თანამედროვე იარაღის ღირებულება, დაახლოებით, ევროკავშირში ან აშშ-ში წარმოების ღირებულების ნახევარია.

„ეს, ფაქტობრივად, გააორმაგებდა უკრაინის მიერ, იმავე 40 მილიარდი ევროს სანაცვლოდ, მიღებული იარაღის რაოდენობას. ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.