ევროკავშირმა რუსულ გაზზე 2027 წლამდე უარის თქმის გეგმა შეათანხმა
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 2027 წლამდე რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე უარის თქმას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გეგმის სახელწოდებაა REPowerEU. როგორც დანიის კლიმატის, ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების მინისტრმა ლარს ოგარდმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არის მთელი ევროპის დიდი გამარჯვება.
„რუსულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. 2027 წლიდან მისი შეძენა ევროკავშირში სამუდამოდ აიკრძალება და ეს სწორი მიმართულებით მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა ოგარდმა.
გეგმის მიხედვით, უკვე არსებული კონტრაქტებისთვის გარდამავალი პერიოდია გათვალისწინებული. ასე, მაგალითად, თხევადი აირისთვის აკრძალვა ძალაში შევა 2026 წლის 25 აპრილიდან, ხოლო ბუნებრივი აირისთვის - 2026 წლის 17 ივნისიდან.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირი რუსულ გაზზე ეტაპობრივად უარს ამბობს. 2025 წლის ოქტომბრისთვის რუსული გაზი მთელ ევროპულ ბაზარზე 12%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ომამდე ეს წილი 45%-ს აღწევდა.