Loading data...
ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას თითქმის ოცწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ამჟამად ნიუ-დელიში იმყოფებიან, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად გარიგების საბოლოო პროექტზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი სავაჭრო ზონა 2 მილიარდი ადამიანისთვის და ორივე მხარე ეკონომიკური სარგებლის მიღებას გეგმავს. ჩვენ მსოფლიოს გავუგზავნეთ სიგნალი, რომ წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა კვლავ შესანიშნავ შედეგებს იძლევა“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ინდოეთის მიერ ევროკავშირის ავტომობილებზე ტარიფების თანდათანობით შემცირებას 110%-დან 10%-მდე. ტარიფები, რომლებიც ევროკავშირიდან იმპორტირებულ მანქანა დანადგარებზე 44%-ს, ქიმიკატებზე 22%-ს და ფარმაცევტულ პროდუქტებზე 11%-ს შეადგენს, ძირითადად გაუქმდება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააუქმებენ, ან შეამცირებენ ევროკავშირიდან შესულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ექსპორტის გადასახადებს, რაც ევროპელი ფერმერებისთვის უზარმაზარ ბაზარს ხსნის.

გარდა ამისა, შეთანხმება ევროკავშირის კომპანიებს ინდოეთის მომსახურების ბაზარზე პრივილეგირებულ წვდომას მისცემს, მათ შორის ისეთ ძირითად სექტორებში, როგორებიცაა ფინანსური მომსახურება და საზღვაო ტრანსპორტი.

ხელმოწერის ცერემონია სამშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის ოფიციალური პირების ინდოეთში ვიზიტის დროს არის მოსალოდნელი.

შემდეგ შეთანხმება უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა. ინდოეთის პარლამენტმა მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, ევროკავშირი და ინდოეთი ასევე მიაღწევენ შეთანხმებებს თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა, რაც სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი წარმოების შესაძლო წინაპირობაა.

ნიუ-დელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოსკოვზე იყო დამოკიდებული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, ბოლო წლებში ცდილობდა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას იმპორტის დივერსიფიკაციითა და საკუთარი ადგილობრივი წარმოების ბაზის განვითარებით. ევროპა მსგავს ნაბიჯებს დგამს შეერთებული შტატების მიმართ.