ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა კიევში „გულის ამრევი იყო“ – Financial Times
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის განხილვისას ვაშინგტონი „მოქნილი პოზიციის“ დაფიქსირებას არ აპირებს. ამის შესახებ კიევში უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის არმიის მინისტრმა დენიელ დრისკოლმა განაცხადა. ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ცნობით, ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ამ შეხვედრის ტონს „გულის ამრევი“ უწოდა.
ევროპელებთან შეხვედრაზე დრისკოლმა განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ახლა „მშვიდობისთვის ხელსაყრელი დრო დადგა“. ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ სამშვიდობო გეგმის დეტალებს არ განვიხილავთ. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უყვართ უკრაინა და მას ეხმარებიან, მაგრამ, ამერიკელი სამხედროების გულწრფელი შეფასებით, ახლა უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაშია.“
უკრაინის საქმეებში აშშ-ის დროებითმა რწმუნებულმა ჯული დევისმა განაცხადა, რომ „როგორც არ უნდა ეხმარებოდეს აშშ უკრაინას ომის გაგრძელებაში, ყველაფერს აქვს საზღვარი“. მისივე თქმით, რუსეთს საკმაოდ ძლიერი სამრეწველო ბაზა აქვს და, უბრალოდ დროის ამბავია, თუ როდის დათანხმდება უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას. დევისმაც და დრისკოლმაც დონალდ ტრამპის განცხადება გაიმეორეს, რომ უკრაინა „სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე უნდა დათანხმდეს.
ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ აშშ ამჟამად ზელენსკის პოლიტიკურ სისუსტეს იყენებს ქვეყანაში განვითარებული კორუფციული სკანდალის ფონზე, რათა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.
ევროკავშირის ზოგიერთმა ელჩმა აშშ-ის გეგმას „რუსეთის სტრატეგიული გამარჯვება“ უწოდა. ამის საპასუხოდ დევისმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან დაღუპული 1 მლნ რუსი სამხედრო რუსეთის ფედერაციის გამარჯვებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
შეხვედრის ბოლოს ელჩებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ნაცვლად ახლა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა აუცილებელი, ამაზე აშშ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა არის „საუკეთესო, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს უკრაინას“.
შეხვედრა უკრაინის საქმეებში აშშ-ის რწმუნებულის რეზიდენციაში გაიმართა. ამის პარალელურად სამხრეთ აფრიკაში შეკრებილი G20-ის სამიტის მონაწილეებს გვიან ღამემდე ჰქონდათ მოლაპარაკება. შეხვედრაში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობდნენ. ისინი ცდილობდნენ შეემუშავებინათ პოზიცია, რომელიც დონალდ ტრამპს დაარწმუნებდა და ის უკრაინის მიმართ მოთხოვნებს შეარბილებდა.