Loading data...
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის საჭიროებების დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე უარი თქვეს - რა გადაწყვეტილებებით დასრულდა ბრიუსელის სამიტი?

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა ბლოკის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ აშშ-ის მხარდაჭერის შემცირების ფონზე, დღის წესრიგში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების საკითხიც იდგა. Deutsche Welle სამიტის შედეგების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადებით,  ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა 2026-2027 წლებისთვის უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს (106 მილიარდი აშშ დოლარის) გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინისთვის სესხი არა გაყინული რუსული აქტივებიდან გამოყონ, არამედ ნაღდი ფულით, ბლოკის საერთო ბიუჯეტიდან უზრუნველყონ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ საკითხში ერთიანი დარჩა. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმა კვირების განმავლობაში ცხარე დებატების საგანი გახდა. ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 210 მილიარდი ევრო (246 მილიარდი აშშ დოლარი) ინახება. ბელგია, სადაც გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილია განთავსებული, იურიდიული და ფინანსური რისკების გამო, მათი გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

ევროკავშირმა მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა გადადო

ბრიუსელში ფერმერების გამოსვლების ფონზე, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ბლოკთან, „მერკოსურის“ ქვეყნებთან დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აპროტესტებდნენ, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მერკოსურის ოთხ ქვეყანასთან - ბრაზილიასთან, არგენტინასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან - სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იანვრამდე გადადონ. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, შეთანხმების ხელმოწერის გადადება მომლაპარაკებლებს კომპრომისის მისაღწევად საჭირო დროს მისცემს.

„ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს „მერკოსურის“ პარტნიორებს და შევთანხმდით ხელმოწერის ოდნავ გადადებაზე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ შეთანხმებას „ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს — ეკონომიკურად, დიპლომატიურად და გეოპოლიტიკურად“.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ეკონომიკურ ბლოკებს შორის ვაჭრობის გაზრდას ისახავს მიზნად, თუმცა მას კრიტიკულად უყურებს ევროკავშირის ზოგიერთი მსხვილი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, პოლონეთი და იტალია.

„ჩვენ ვმუშაობთ მერკოსურის სამიტის გადადებაზე, რაც კიდევ რამდენიმე კვირას მოგვცემს, რათა შევეცადოთ, ვუპასუხოთ ჩვენი ფერმერების მოთხოვნებს და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქციისთვის საჭირო დამცავი ზომები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავამტკიცოთ მერკოსურის შეთანხმება, როდესაც, როგორც უკვე ვთქვით, გვექნება ყველა საჭირო გარანტია იმ სექტორისთვის, რომელიც სხვაგვარად შეიძლება დაზარალდეს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმის შეფასება, საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი თვე სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა იმედოვნებს, რომ ასეც მოხდება.