Loading data...
ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპული წარმომადგენლობის ფორმატზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპული წარმომადგენლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოშტას თქმით, ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება და ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ ის კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩვენი ევროპული გუნდი შედგება ევროკავშირისა და E5-ის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი) ინსტიტუტებისგან“, - განაცხადა კოშტამ.

მისი თქმით, ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები ამ მოლაპარაკებებში კარგად არის ცნობილი და ევროპული გუნდი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციითა და სრული ერთიანობით მოქმედებას.

„ევროპამ ერთი მკაფიო და ერთიანი ხმით უნდა ისაუბროს ყველა დისკუსიაში, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის მომავალს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მან.

გამოცემა Politico მანამდე იუწყებოდა, რომ E5-ის ქვეყნები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი.