ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 2024 წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 2024 წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებზე 477 000-ზე მეტი ტურისტული ვიზა გაიცა, რაც 2025 წელს რუსებისთვის გაცემული ყველა ვიზის დაახლოებით 77% შეადგენს.
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვიზიტები მეორე ყველაზე დიდი კატეგორია იყო, რასაც მოსდევდა საქმიანი მოგზაურობები.
ამასთან, სტატისტიკაში არ მოხვდა ვიზები, რომლებიც შესაძლოა, გაცემული იყოს ირლანდიის მიერ.
„მონაცემები ასევე ზოგადად ასახავს გეოგრაფიულ უფსკრულს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგიდან შორს მდებარე ქვეყნებს (საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი), რომლებიც რუსეთის მხრიდან ნაკლებად საფრთხეს გრძნობენ და დიდი ხანია, მიესალმებიან იქიდან ინვესტიციებს, და ისეთ სახელმწიფოებს შორის, როგორებიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ომს ეგზისტენციალურ ბრძოლად მიიჩნევენ“, – წერს „ევროაქტივი“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა გააუქმეს რუსეთისთვის შენგენის ვიზის გამარტივებული პროცედურა.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ, მთლიანად შეწყვიტეს ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა, სხვა ქვეყნები აგრძელებენ მათ გაცემას. შედეგად, რუსი ტურისტები აგრძელებენ ევროპაში ვიზიტს, თუმცა მათი რიცხვი ომამდელთან შედარებით ნაკლებია.