Loading data...
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ კვლავ უარი განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კომპანია „პფაიზერის“ გენერალური დირექტორის 2021-2022 წლის მიმოწერის მედიისთვის გადაცემაზე - The New York Times

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „პფაიზერის“ გენერალური დირექტორის ალბერტ ბურლას მიმოწერის გადაცემაზე კვლავ უარი განაცხადა. ამის შესახებ The New York Times წერს. 

საქმე ეხება 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 11 მაისამდე პერიოდის მიმოწერას, როდესაც მხარეებმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გამართეს. ევროკომისიის მტკიცებით, მათ შეტყობინებები არ შეუნახავთ.

მედიის ცნობით, 2021 წლის დასაწყისში, ევროკავშირი „პფაიზერს“ შეუთანხმდა 1.8 მილიარდი დოზის ვაქცინის შესყიდვაზე, რასთან დაკავშირებითაც გაჩნდა ეჭვი, თუ როგორ მიაღწია ორგანიზაციამ ამ შეთანხმებას.

როგორც აღმოჩნდა, ევროკომისიი პრეზიდენტი „პფაიზერთან“ მოლაპარაკებებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე აწარმოებდა. „მან ან გაანადგურა მიმოწერა ან არ შეინახა, რადგან მნიშვნელოვნად არ მიიჩნია“, - წერია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ მიმოწერის არსებობა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მაისში ევროკომისიამ სასამართლო დავა წააგო, რომელიც ევროკომისიის თავმჯდომარისა და „პფაიზერის“ ხელმძღვანელობის მიმოწერის გასაჯაროებას ეხებოდა.

14 მაისს ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა The New York Times-ის სარჩელი, რომლის მიხედვითაც გამოცემა ბრიუსელის უარს, გამოექვეყნებინა ეს შეტყობინებები, ასაჩივრებდა.

სასამართლოს აღნიშვნით, ევროკავშირის რეგულაციებით დადგენილია საჯარო წვდომა დოკუმენტებზე, ხოლო კომისიამ ვერ შეძლო დამაჯერებლად აეხსნა, რატომ ვერ მოიძებნა მედიასაშუალების მიერ მოთხოვნილი შეტყობინებები და რატომ მიიჩნია ეს ტექსტები, რომლებიც ვაქცინების შესყიდვის თემას ეხებოდა, უმნიშვნელოდ.