ევროკავშირი სერბეთს ფინანსური დახმარების შეჩერებით ემუქრება
სერბეთმა, შესაძლოა, ევროკავშირის 1,5 მლრდ ევროს ფინანსური დახმარება დაკარგოს. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კერძოდ, ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა დარღვევებზე, რაც დამკვირვებლებმა სერბეთში, მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე დააფიქსირეს.
ასევე მარტა კოსმა განაცხადა, რომ სერბეთში მიღებულია კანონები, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ხელისუფლება ახშობს პროტესტებს და ერევა დამოუკიდებელი მედიის მუშაობაში.
ბელგრადმა უკვე მიიღო ევროკავშირისგან 100 მლნ ევრო და კიდევ 1,5 მლრდ ევროს გამოყოფა ეჭვქვეშ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი სერბეთთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაში მიიღებს.
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, მაგრამ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, 2025 წელს ვუჩიჩმა, ევროკომისიის გაფრთხილების მიუხედავად, მოსკოვში გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.