ევროკავშირი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სპეციალურ ცენტრს ქმნის
ევროკომისია დემოკრატიული მდგრადობის ცენტრს ქმნის, რომლის მიზანია რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ცენტრის შექმნა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ შეტევებზე პასუხი იქნება.
„უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გარდა, რუსეთი ჰიბრიდულ შეტევებს აძლიერებს და ევროპაში გავლენისთვის იბრძვის“, - წერია დოკუმენტში.
ევროკომისია ამ ცენტრში ევროკავშირისა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან ექსპერტების გაერთიანებას გეგმავს. მას საფუძვლად უდევს „დემოკრატიული ფარის“ იდეა, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა.
ამავე სტრუქტურის ცნობით, არსებობს ჩინეთის მხრიდანაც დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე. ამისთვის პეკინი, სავარაუდოდ, კერძო PR კომპანიებსა და გავლენიან პირებს იყენებს.
დემოკრატიული მდგრადობის ცენტრი იქნება პლატფორმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად. ასევე ის საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის საზღვარგარეთის მთავრობების მხრიდან მანიპულაციების მცდელობების შესახებ.