Loading data...
ევროკავშირი: ავიაკომპანიები ვალდებულები იქნებიან, მგზავრებს კომპენსაცია გადაუხადონ, თუ მათი რეისი 4 საათზე მეტს დაიგვიანებს

ევროკავშირი თანხმდება, რომ მგზავრებმა კომპენსაცია მიიღონ, თუ მათი ფრენა გადაიდება ან დაგვიანდება, 4 ან მეტი საათით. ამის შესახებ The Guardian წერს. 

შეთანხმების მიხედვით, მოკლე დისტანციის ფრენების მგზავრებს კომპენსაციის მოთხოვნის საშუალება ექნებათ, თუ მათი რეისი 4 ან მეტი საათით აგვიანებს, ხოლო გრძელი დისტანციისას - ექვსი ან მეტი საათით. 

არსებული წესით, კომპენსაციის მოთხოვნა მგზავრებს სამი ან მეტი საათის დაგვიანების შემთხვევაში შეუძლიათ.

ევროკავშირის ქვეყნები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ მოკლე დისტანციებზე ფრენის დაგვიანებისას, კომპენსაციის ოდენობა 250 ევროდან 300 ევრომდე გაიზრდება, გრძელვადიანი ფრენებისას კი, კომპენსაცია პირიქით, შემცირდება 600-დან 500 ევრომდე.

ევროკავშირმა საჰაერო მიმოსვლით მოსარგებლე მგზავრების უფლებების გადახედვა, თავდაპირველად, 2013 წელს დაიწყო. წევრ სახელმწიფოებს ვადების ცვლილებებზე შეთანხმების მისაღწევად 12 წლიანი მოლაპარაკებები დასჭირდათ და კანონად ქცევამდე გეგმები, ჯერ კიდევ, ევროპარლამენტს უნდა გააცნონ.

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაცია (BEUC) აცხადებს, რომ მსგავსი კანონის მიღება მგზავრთა უფლებების შელახვას გამოიწვევს და მათ კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას ართმევს, რადგან დაგვიანებული ფრენების უმეტესობა, ორიდან ოთხ საათამდე მერყეობს.

სავაჭრო ორგანიზაცია „ევროპის ავიახაზები“, რომელიც ისეთ კომპანიებს წარმოადგენს, როგორებიცაა: Ryanair, EasyJet და Lufthansa, ასევე, აპროტესტებს ახალ კანონს, რადგან მისი სურვილით, კომპენსაციის გადახდამდე დაგვიანების დრო, კიდევ უფრო, უნდა გაზრდილიყო.

A4E-ს მმართველი დირექტორი ურანია გეორგუცაკუო აღნიშნავს, რომ „ევროპა 12 წელია ელოდება გამჭვირვალე და ქმედით კანონს, მგზავრთა უფლებების შესახებ და წევრი სახელმწიფოები, ბოლო დაბრკოლებებს გადააწყდნენ, ამ მიზნის მისაღწევად.

ევროკომისიის თავდაპირველი გეგმა მოიცავდა მოკლე დისტანციებზე დროის ხუთ საათამდე გაზრდას, გრძელ მანძილებზე კი - ცხრა საათამდე, თუმცა მოგვიანებით, არსებული შეთანხმება შეიცვალა.

გეგმის მიხედვით, მგზავრებს, ასევე, „მარშრუტის შეცვლის უფლება“ ექნებათ, ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში. შეთანხმება, აგრეთვე, მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაძლიერებასაც.