Loading data...
„ევროკავშირი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი არღვევს“ - ევროპარლამენტში ტრამპს პასუხობენ

ევროპარლამენტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, შესაბამისად აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს 25%-მდე გაზრდის“. 

 ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელი ბერნდ ლანგე ტრამპის გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასრულებს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი მათ არღვევს.

„ტრამპის გეგმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მიუღებელია. ევროპარლამენტი კვლავ იცავს შოტლანდიის შეთანხმებას და კანონმდებლობის დასრულებაზე მუშაობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი ვალდებულებებს ასრულებს, ამერიკული მხარე მათ სისტემატურად არღვევს“, – აცხადებს ლანგე. 

მან აშშ-ის ადმინისტრაციის ნაბიჯებს „აშკარად არაპროგნოზირებადი“ უწოდა და ევროკავშირს მკაფიო პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.