Euronews: ევროკომისიამ ბელგია რუსული აქტივების გამოყენებაზე ვერ დაიყოლია
ევროკომისიასთან მოლაპარაკებების შედეგად ბელგია ჯერ არ დათანხმებულა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
როგორც ტელეარხი წერს, გუშინ ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ბელგიის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევო.
მხარეებმა „ჩიხიდან გამოსავალი“ ვერ მოძებნეს. გაყინული რუსული აქტივები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინას ქვეყნის აღდგენისთვის უნდა გადაეცეს, წერს Euronews-ი.
როგორც ტელეარხს ბელგიის მთავრობიდან ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, ოფიციალური ბრიუსელის უკმაყოფილება იზრდება, რადგან ევროკომისია სხვა ალტერნატიულ წინადადებებს არ სთავაზობს.
ევროკავშირს სურს, რომ 140 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივები, რომელიც ბელგიაში ინახება, უკრაინას გადაეცეს.