Loading data...
ეთიოპიაში თავდასხმას 60-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია

ეთიოპიაში, ორომიის რეგიონში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სასტიკი მასობრივი მკვლელობაა. 

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომლის 75 წლის მამაც მოკლეს, მომხდარს ჩასაფრებად აღწერს. 

„ოთხივე მხრიდან ალყაში მოგვაქციეს“, — განუცხადა მან ბიბისის. 

ეთიოპიის მართლმადიდებლური ტევახედოს ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებით, თავდასხმების შედეგად 20 სახლი დაიწვა. 

 BBC Amharic-თან საუბრისას თვითმხილველმა აღნიშნა, რომ მოკლულებიდან 5 ბავშვი იყო. 

რეგიონული მთავრობის განცხადებით, პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. 

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თავდასხმებში ახლად ჩამოყალიბებული აჯანყებულთა კოალიცია „გადარჩენის ალიანსი“ დაადანაშაულა, რომელშიც „ორომოს გათავისუფლების არმია“ შედის.