ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ის ჯარები ესტონეთს არ დატოვებენ
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დანაყოფები ესტონეთში დარჩებიან, თუმცა აღიარა, რომ არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში სიურპრიზების გამორიცხვა შეუძლებელია.
პევკურმა კომენტარი გააკეთა პოლონეთსა და გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის მდგომარეობაზე.
კერძოდ, მისი თქმით, ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა.
„ერთი წლის წინ, ან ცოტა უფრო ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის შემცირებას გეგმავდა. ახლა კი ეს განზრახვები პოლიტიკურიდან სამხედრო სფეროში გადადის. როგორც ჩანს, პოლონეთიდან და გერმანიიდან მომავალი ამბები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველ დღეს ახალი ინფორმაცია მოაქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური 19 მაისს შეხვდება ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ევროპაში, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.
„კვირის ბოლოს კი, როდესაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ესტონეთს ეწვევა, ჩვენ შევძლებთ შემდეგი ნაბიჯების კოორდინაციას და ვაშინგტონიდან მომავალი ინფორმაციის განხილვას“, - დასძინა პევკურმა.
ესტონეთის ტერიტორიაზე ამერიკული კონტინგენტის მდგომარეობის კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ „ინფორმაცია ბევრი არ არის“.
„აშშ-ის ჯარები ესტონეთში იმყოფებიან და იქ დარჩებიან. არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ესტონეთში ამერიკული ფლანგის რაიმე სახის უკან დახევა მოხდება. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს“, - ხაზი გაუსვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამავდროულად, მან აღიარა, რომ ამ სიტუაციაში „არცერთი სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება“
„შესაძლოა, დღეს დილით ერთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ხვალ კი სრულიად სხვა. ჩვენი ამოცანაა, ამერიკელებთან მუდმივი კონტაქტი შევინარჩუნოთ და ამ კონტაქტს ვინარჩუნებთ. ამჟამად ვაშინგტონში ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა პენტაგონიდან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ“, - დაასკვნა პევკურმა.