ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთზე ზეწოლა მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს და აუტანელი გახდეს
რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ მოითხოვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა იმ დონემდე, რომ ის აუტანელი გახდეს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების მიმართულებით ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა, ასევე, ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა პუტინი გაანერვიულა.
„რუსეთის პასუხი იყო საჰაერო ტერორი უკრაინის წინააღმდეგ, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანი შუაგულ ზამთარში გათბობის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა. რუსეთმა ასევე კვლავ გამოიყენა „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან განზრახ პროვოკაციული დარტყმის დროს“, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთი ძველ გზაზე რჩება, არ ისწრაფვის მშვიდობისკენ და არ უთქვამს უარი უკრაინის განადგურების მიზანზე.
„მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. იმისთვის, რომ რუსეთს კურსის შეცვლა ვაიძულოთ, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს და აუტანელი გახდეს“, - განაცხადა ცაჰკნამ.
Recent steps by Europe, Ukraine, and the United States to develop security guarantees, together with developments in Venezuela, have made Putin nervous.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) January 9, 2026
Russia’s response has been air terror against Ukraine, killing civilians and leaving hundreds of thousands without heating,…