ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინს 9 მაისის აღლუმის დროს უკრაინის თავდასხმების ეშინია
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს 9 მაისს მის სამხედრო აღლუმზე უკრაინის თავდასხმების ეშინია.
როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, ეს იმის დასტურია, რომ პუტინი იმაზე სუსტია, ვიდრე მსოფლიოს უმეტესობას ჰგონია.
„პუტინს ამ აღლუმის ეშინია... ვფიქრობ, 20 წლის შემდეგ პირველად ეშინია უკრაინული დრონების თავდასხმების. სწორედ ამიტომ ითხოვს ამ ცეცხლის შეწყვეტას, ან როგორც არ უნდა ვუწოდოთ მას. შეიძლება მათ ამის [ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის] დაცვა შეძლონ, მაგრამ ამაში არანაირი სტრატეგიული აზრი არ არის. ასე რომ, როგორც ჩანს, მას უკრაინის ეშინია. ეს ასევე საკმაოდ მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ის უფრო სუსტია, ვიდრე მსოფლიოს უმეტესობას ჰგონია“, - აღნიშნა ესტონეთის უმაღლესმა დიპლომატმა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ესტონეთი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის დასკვნებს, რომ პუტინს ეშინია მკვლელობის მცდელობისა და გადატრიალების, ცაჰკნამ დადებითად უპასუხა.
„ეს დიქტატურის პირობებში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოლიგარქები სანქციებისა და ომის გამო იტანჯებიან.
ამ კონტექსტში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ახსენა ინტერნეტის გათიშვა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
„რიგითი რუსები ისედაც ტერორის ქვეშ ცხოვრობენ და ახლა ისინი ინტერნეტზე წვდომისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობას კარგავენ. ამიტომ, ვფიქრობ, დაზვერვის ეს მონაცემები საკმაოდ სანდოა და პუტინს მისი სიცოცხლის ხელყოფის ეშინია“, - დაასკვნა მან.
ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ბოლო დროს ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობის შიშით კრემლის ლიდერის უსაფრთხოების ზომები რადიკალურად გაამკაცრა.