ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპს აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჩვენი დროის ჩერჩილი“

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა გახდეს „ჩვენი დროის ჩერჩილი“, თუ ის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ. როგორც European Pravda იუწყება, ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გარემოებები მოგვაგონებს ევროპის 1938 წლის ვითარებას, როდესაც იმდროინდელი ლიდერების სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შეეძლო ჰიტლერის შეჩერება და მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება.
„ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. რუსეთი მომავალშიც საფრთხედ დარჩება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამართლიანად და სათანადოდ“, - აღნიშნა მან.
დიპლომატმა, ასევე, აღნიშნა, რომ მსოფლიოში დაძაბულობის მრავალი სხვა კერაა.
„ამერიკელმა ლიდერმა, რომელიც თანამდებობას იკავებს, უნდა გააცნობიეროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, მას აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩერჩილი“, - დასძინა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.