Loading data...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ასევე, ახლო აღმოსავლეთს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, რეგიონისთვის რუსეთის მიერ შექმნილ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

17 მარტს ესტონელი დიპლომატი ისრაელს ეწვია, სადაც ის შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს, რათა განეხილათ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათი გავლენა ევროპის უსაფრთხოებაზე და ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა.

„ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი სტაბილურობა... ირანის რეჟიმის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, რუსეთის დახმარება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში და ძალადობრივი ქცევა საკუთარი ხალხის მიმართ საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს აშშ-სა და ისრაელის ნაბიჯებს, „რომლებიც მიზნად ისახავს ამ საფრთხეების აღმოფხვრას“.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული უსაფრთხოება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

„ასევე, აბსოლუტურად ნათელია, ვის მხარესაა რუსეთი ამ კონფლიქტში და ვის მხარესაა უკრაინა... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ევროპის, ასევე, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მან დასძინა, რომ ის აფასებს ისრაელის მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერას და მოუწოდა ამ მხარდაჭერის გაზრდისკენ.