Loading data...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპასაც სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისგან

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა დარწმუნებულია, რომ ევროპას უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, მისი უნიკალური საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ინტეგრაციისთვის ისტორიული მომენტია. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს როგორც უკრაინის, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

„ნატო არა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას, არამედ იმასაც, რომ ჩვენს რეგიონს უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რადგან ამჟამად უკრაინა ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი, ყველაზე ეფექტური და გამოცდილი სამხედრო ძალაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ცაჰკნამ.

მისივე თქმით, უკრაინის „ნაცრისფერ ზონაში“ დატოვების გადაწყვეტილება რუსეთს მხოლოდ საშუალებას მისცემს, ევროპის კონტინენტზე აგრესია გააგრძელოს. 

„ამიტომ ჩვენ ეს ყოვლისმომცველად უნდა განვიხილოთ, რადგან ეს „ნაცრისფერი ზონები“, ნეიტრალური ქვეყნები, თუ ბუფერული ზონები, როგორც არ უნდა ვუწოდოთ მათ, პუტინისთვის მხოლოდ მწვანე შუქია, რათა ევროპის წინააღმდეგ აგრესია გააგრძელოს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი შესაძლებლობაცაა: უკრაინა ახლა არა მხოლოდ საკუთარი თავისა და თავისუფლებისთვის იბრძვის, არამედ გვაძლევს დროს, რომ ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა შევქმნათ“, - დასძინა ესტონელმა მინისტრმა.