Loading data...
ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე: რამდენიმე წლის წინ ჩვენ ისეთ პოზიციაში ვიყავით, რომ აგრესორებთან არ ვსაუბრობდით, ახლა კი იმაზე ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ვართ

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად.

ესტონეთის პრეზიდენტმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩეული წარმომადგენელი დიდი ევროპული ქვეყნიდან უნდა იყოს და „ორივე მხარის სანდოობით“ სარგებლობდეს.

„ევროკავშირიც უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ რუსეთს არ ვებრძვით, უკვე მრავალი წელია მხარს ვუჭერთ უკრაინას და კვლავ ვაგრძელებთ ამას.

ჩვენც უნდა გვქონდეს საკუთარი აზრი, თუმცა, როგორც ხედავთ, ცოტა დავაგვიანეთ. ეს ჩვენ უნდა დაგვეწყო - შესაძლოა, არა პრეზიდენტ ტრამპს, არამედ ევროკავშირს უნდა დაეწყო ამ საკითხის დიპლომატიური გადაჭრის გზების ძიება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ისეთ პოზიციაში ვიყავით, რომ აგრესორებთან არ ვსაუბრობდით, ახლა კი იმაზე ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ვართ“, - განუცხადა კარისმა Euronews-ს.

ცნობისთვის, რუსეთთან დიპლომატიური არხების ხელახლა გახსნის საკითხი, რომელიც ძირითადად 2022 წლის თებერვლიდან არის დახურული, ბოლო კვირების განმავლობაში აქტუალური გახდა. საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ლუქსემბურგი და ჩეხეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების იდეას.

გერმანიამ, პირიქით, უარყო ეს მოსაზრება და პუტინის „მაქსიმალისტური მოთხოვნები“ და უკრაინის ქალაქების დაბომბვის გაგრძელება მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ კრემლს „მოლაპარაკების გულწრფელი სურვილი“ არ გააჩნია.