Loading data...
ესტონეთის დაზვერვა: უკრაინაში ბრძოლის ველი უფრო სახიფათო გახდა, ვიდრე ოდესმე

ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის ცენტრის ცნობით, დრონების ფართოდ გამოყენებამ უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება უპრეცედენტოდ „გამჭვირვალე“ გახადა, თავად ბრძოლის ველი კი უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე. ამავდროულად, რუსეთმა ამ ომში თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ვერ შეძლო, - წერს ესტონეთის დაზვერვა

თავის ანგარიშში ესტონეთის დაზვერვამ გააანალიზა სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობის ცვლილებები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ოთხი წლის განმავლობაში.

„ბრძოლის ველზე ამჟამად სხვადასხვა ტიპის დრონები დომინირებენ, რაც მას უფრო საშიშს ხდის, ვიდრე ოდესმე. გარღვევებმა ადგილი დაუთმო ინფილტრაციის ტაქტიკას, ხოლო მტრის ნება და ომის გაგრძელების უნარი სუსტდება შორ მანძილზე განხორციელებული ზუსტი დარტყმებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

დაზვერვის მონაცემებით, საომარი მოქმედებების საერთო ინტენსივობა ამ კვირაში გარკვეულწილად შემცირდა, დღეში საშუალოდ 170 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

სადაზვერვო ცენტრმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინულმა დანაყოფებმა დაიწყეს აქტიური თავდაცვა და კონტრშეტევები, რის შედეგადაც მათ მოახერხეს რუსი ჯარების უკან დახევა კუპიანსკის, ნოვოპავლოვსკის და გულიაიპოლეს მიმართულებით, ასევე, ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში.

„სხვადასხვა შეფასებით, თებერვალში უკრაინულმა დანაყოფებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 200-დან 400 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობი და აგრძელებენ აგრესორის მოგერიებას“, - დასძინა სადაზვერვო ცენტრმა.

სამხედრო თვალსაზრისით, სადაზვერვო ცენტრის შეფასების თანახმად, რუსეთის წარმატებები შეზღუდული იყო და ზოგიერთი მაჩვენებლით, სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პოზიცია 2022 წლამდე არსებულ მდგომარეობაზე კიდევ უფრო უარესია.

„ამჟამად, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახერხა, თუმცა 2025 წლისთვის ტერიტორიის ერთ პროცენტზე ნაკლები იყო დაკავებული. რუსეთმა ომში 1.2-დან 1.3 მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა. 2025 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეითმა ჯარმა დრონების ომის ფონზე თავდასხმებში დომინირება დაიწყო, რუსეთმა დაკავებულ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 90 ჯარისკაცი დაკარგა“, - აღნიშნა სადაზვერვო ცენტრმა.