Loading data...
ესპანეთში, კორდობას მეჩეთ-ტაძარში ხანძარი გაჩნდა - იუნესკოს ძეგლი ნაწილობრივ დაზიანდა

ესპანეთში, კორდობას მეჩეთში, რომელიც ამჟამად საკათედრო ტაძარია, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ისტორიული შენობის ორი სამლოცველოს სახურავი და კედლები დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

კორდობას მეჩეთ-ტაძარში ხანძარი ადგილობრივი დროით 8 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე ალმანზორის ნავებში მდებარე ერთ-ერთ სამლოცველოში გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა, ელექტროსაწმენდ მანქანაში მოკლე ჩართვა ყოფილიყო.

სამმა სახანძრო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება და მისი ჩაქრობა მოკლე დროში მოახერხა.

ქალაქის მერმა ხოსე მარია ბელიდომ, რომელიც ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს აკონტროლებდა, განაცხადა, რომ ზარალი, სავარაუდოდ, მცირეა და აღნიშნა, რომ ეს კატასტროფა არ ყოფილა.

კორდობას მეჩეთი-საკათედრო ტაძარი ქალაქის სიმბოლო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. იგი 786 წელს ომაიანთა სახალიფოს მმართველობის დროს აშენდა და რამდენჯერმე გაფართოვდა. ნაგებობა ისლამური არქიტექტურის მარგალიტად მიიჩნევა.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა მე-13 საუკუნეში კასტილიის მეფე ფერდინანდ III-ის ხელმძღვანელობით ესპანეთი დაიბრუნეს, შენობა საკათედრო ტაძრად გადაკეთდა. 1984 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.