Loading data...
ესპანეთმა ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში არცერთ სამხედრო მისიაში, რადგან ის ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომს უკანონოდ მიიჩნევს. 

რობლესმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა საზღვაო გზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. 

„ესპანეთი არასდროს დათანხმდება რაიმე დროებით ზომებს, რადგან მიზანი ომის დასრულება უნდა იყოს და ეს ახლავე უნდა მოხდეს“, - განაცხადა რობლესმა. 

ამასთან, განცხადება გააკეთა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა და აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია. 

„ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა ან გამოიწვიოს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. 

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მოკავშირეები აშშ-ს ირანთან ომში არ დაეხმარებიან, ნატოს მომავლისთვის ეს „ძალიან ცუდი იქნება.“