ესპანეთის მუქარის საპასუხოდ იტალია აცხადებს, რომ სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას არ აპირებს
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ადმინისტრაცია გამოეხმაურა ესპანეთის მთავრობის მოწოდებას, რომ თუ რომი მადრიდთან სასაზღვრო კონტროლს 9 აგვისტომდე არ გააუქმებს, ესპანეთი იძულებული იქნება, „პროპორციულ“ ზომებს მიმართოს.
იტალია აცხადებს, რომ არ აპირებს ესპანეთიდან მოგზაურთა სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა.
„იტალია არ იღებს ულტიმატუმებს, ან მოთხოვნებს საზღვარგარეთიდან ეროვნული უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლის შესახებ“, - განაცხადა მელონის ოფისმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იტალია ამ ზომებს შეინარჩუნებს „სულ მცირე 15 აგვისტომდე და, ნებისმიერ შემთხვევაში, იქამდე, სანამ იტალიის უსაფრთხოებისთვის რისკები და ტერორიზმის საფრთხე სრულად არ იქნება აღმოფხვრილი“.
მელონის ადმინისტრაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ თარიღისთვის ესპანეთის ანკლავ სეუტაში „მიგრანტების ახალი ტალღაა“ მოსალოდნელი.
„მხოლოდ მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ იტალიისთვის უსაფრთხოების, ან ტერორიზმის რისკები არ იარსებებს, რომ არ იქნება ახალი ტალღა და არალეგალი მიგრანტები არ გაიგზავნებიან ევროპის ტერიტორიაზე, შესაძლებელი იქნება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა“, - დასძინა მელონის ოფისმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ ესპანეთიდან მოგზაურთა შემოწმება სეუტაში მიგრანტების მასიური შედინების შემდეგ დაიწყო.