ესპანეთი იტალიას საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუ ის სასაზღვრო კონტროლს არ გააუქმებს
ესპანეთის მთავრობამ იტალიას მოუწოდა, გააუქმოს სასაზღვრო კონტროლი მის შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდი მზადაა, მიიღოს „პროპორციული“ ზომები.
ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ზღუდავს ათასობით მგზავრის გადაადგილების თავისუფლებას და ქმნის სამართლებრივ გაურკვევლობას ზაფხულის სეზონის პიკში.
გარდა ამისა, ოფიციალური მადრიდი აღნიშნავს, რომ ეს არის უპრეცედენტო ზომა თანამედროვე ისტორიაში, რომელიც მიიღეს წინასწარი შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად და „ყალბი“ არგუმენტების საფუძველზე, რომლებიც რიგი მიზეზების გამო არ შეესაბამება არც შენგენის საზღვრების კოდექსს და არც რეალობას.
განცხადებაში განმარტებულია, რომ გასულ კვირას სეუტაში არალეგალურად ჩასულ არცერთ მიგრანტს არ შეეძლო და არც შეუძლია თავისუფლად შევიდეს შენგენის ზონაში, რადგან ავტონომიურ ქალაქში, ამ ზონის ფარგლებში განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს.
ესპანეთის მთავრობამ დასძინა, რომ თითქმის ყველა მიგრანტი უკვე დაბრუნდა მაროკოში, იტალია კი, Frontex-ის (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს) მონაცემებით, არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელმაც ბოლო წლებში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ყველაზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა.
მთავრობა ასევე იხსენებს, რომ იტალია 2022 წლიდან არ ასრულებს დუბლინის რეგულაციას, რაც დამატებით მიგრაციულ ტვირთს ქმნის ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.
ამის მიუხედავად, მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ესპანეთს არასდროს დაუწესებია იტალიის წინააღმდეგ კონტროლის ზომები და, პირიქით, ყოველთვის გამოხატავდა სოლიდარობას მის მიმართ, იღებდა ლამპედუზაში 2023 წელს ჩასული მიგრანტების ნაწილს და რეგულარულად ხსნიდა თავის პორტებს ხმელთაშუა ზღვის მარშრუტზე გადარჩენილი მიგრანტებისთვის.
შესაბამისად, მთავრობა ასკვნის, რომ იტალიის მიერ მიღებული ზომა უსამართლოა, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს და დისკრიმინაციულია ესპანეთის მოსახლეობის მიმართ.
ამიტომ, მადრიდი მოუწოდებს იტალიის მთავრობას, გამოასწოროს სიტუაცია, გააუქმოს კონტროლის ზომები და ესპანელებს ისე მოეპყროს, როგორც სხვა ევროპელ მოქალაქეებს.
„თუ ეს კვირა დღის ბოლომდე, 9 აგვისტომდე, არ გაკეთდება, ესპანეთი იძულებული იქნება, მიიღოს პროპორციული ზომები თავისი მოქალაქეების ინტერესებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა გამოთქვამს რწმენას, რომ „ევროპული ღირებულებები, საღი აზრი და კეთილსინდისიერება გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ ესპანელი მოგზაურების შემოწმება სეუტაში მიგრანტების მასიური შედინების შემდეგ დაიწყო.