ესპანეთის მთავრობამ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა დაამტკიცა
„ესპანეთის მთავრობამ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის რეფორმის ორი კანონპროექტი დაამტკიცა“, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El País წერს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე-მარსალკას განცხადებით, რეფორმა მიგრაციის პროცედურებს გაამკაცრებს და თავშესაფრის მოთხოვნებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს დააჩქარებს. განაცხადის უარყოფის შემთხვევაში მიგრანტს ქვეყნის დატოვების შესახებ შეტყობინება გაეგზავნება, რასაც შესაძლოა დეპორტაციის პროცედურის დაწყება მოჰყვეს.
რეფორმა, ასევე, ითვალისწინებს არალეგალი მიგრანტების უკან დასაბრუნებლად შერჩევის კონცეფციის დანერგვას, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
ევროპული რეგლამენტით, აღნიშნული პროცედურისთვის შვიდ დღემდე ვადაა გათვალისწინებული, თუმცა ესპანეთში ვადა 72 საათით განისაზღვრება და მისი გახანგრძლივება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
რეფორმის კანონპროექტი ახლა საპარლამენტო განხილვის ეტაპზე გადავა. მინისტრის განცხადებით, მისი დამტკიცების პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.