„ეს ტყუილია, არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ ზელენსკის განცხადებაზე აშშ-ის მხრიდან ულტიმატუმის შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.
მისი თქმით, ვაშინგტონს უკრაინისთვის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით არანაირი პირობა არ დაუყენებია.
„ეს ტყუილია. მე ვნახე, როგორ თქვა მან ეს და სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. ვაშინგტონს უკრაინისთვის ჯარების გაყვანის პირობა არ დაუყენებია“, - განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ზელენსკის სრულიად განსხვავებული რამ უთხრეს:
„მას უთხრეს: უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულებამდე არ ამოქმედდებოდა“.
რუბიო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არ ყოფილა მიბმული ტერიტორიების დათმობაზე.
„მას ძალიან ნათლად უთხრეს და ეს მას უნდა გაეგო, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაიცემა. არ ვიცი, რატომ ამბობს ასეთ რაღაცებს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.