„ეს ცუდი ნიშანია“ - რუბიომ ბოლო წუთს გააუქმა უკრაინის საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრა - FT
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ომის თემაზე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა „ბოლო წუთს“ გააუქმა, ევროპა შიშობს, რომ შესაძლოა, ეს ვაშინგტონში განწყობის ცვლილებაზე მიუთითებდეს, იტყობინება Financial Times.
ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი გერმანიის, პოლონეთის, ფინეთისა და ევროკომისიის ლიდერებთან შეხვედრას უნდა დასწრებოდა, თუმცა ბოლო წუთს გააუქმა შეხვედრა, რის მიზეზადაც მის გრაფიკში არსებული წარმოქმნილი უზუსტობა დასახელდა.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, ამას „სიგიჟე“ უწოდა.
როგორც „ფაინენშალ ტაიმსი“ აღნიშნავს, ეს მოხდა ტრამპის ადმინისტრაციის ევროპელი მოკავშირეებისგან მზარდი დისტანცირებისა და უკრაინის რუსეთთან გარიგებისკენ იძულების მცდელობის ფონზე.
როგორც უკვე ცნობილია, რუბიო ბუდაპეშტში გაემგზავრება, რათა შეხვდეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც, ასევე, არ სახელდება, გამოცემას განუცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს კიდევ უფრო „გააძლიეროს“ კავშირები ევროპულ ქვეყანასთან, რომელიც, ევროკავშირის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, იზიარებს ტრამპის ადმინისტრაციის ხედვას უკრაინაში მშვიდობის შესახებ.