Loading data...
„ეს სრულიად ნორმალურია“ - მარკ რუტე აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამიტზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შეხვედრას კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ნორმალურად მიიჩნევს და ამის გამო არ ღელავს.

მარკ რუტე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოების მეთაურებს შორის შეხვედრები ნორმალურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სამ ბირთვულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ.

მისი თქმით, მსგავსი ქვეყნების ლიდერებს შორის კომუნიკაცია და სამომავლო გზებზე შეთანხმების მცდელობა მნიშვნელოვანი და ბუნებრივი პროცესია.

„მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები შეხვდნენ, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოების ლიდერები. ამიტომ, სრულიად ნორმალურია, რომ ეს ადამიანები შეხვდნენ, შეხვედრები გაიმართოს და შეეცადონ შეთანხმდნენ საუკეთესო გზაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუტემ, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად „ტიტანურ ძალისხმევას“ მიმართავს, რის გამოც მხოლოდ ქებას იმსახურებს.