Loading data...
„ეს სირცხვილია“ - კლინტონმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით

შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და დონალდ ტრამპის ოპონენტმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონმა, გააკრიტიკა მოქმედი ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით სამარცხვინოა. უკრაინის პუტინთან კაპიტულაციის შეთანხმებაზე დათანხმების იძულების მცდელობა სამარცხვინოა. ვფიქრობ, რომ პუტინისა და ტრამპის მიერ უკრაინელი ხალხის ტანჯვითა და სიკვდილით სარგებლის მისაღებად განხორციელებული ძალისხმევა ისტორიული შეცდომა და უმაღლესი დონის კორუფციაა“, - აღნიშნა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში.

კლინტონმა დასძინა, რომ უკრაინა ამჟამად დემოკრატიისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვის, ათასობით ადამიანს კარგავს.

მისი თქმით, მიმდინარე ომი „ერთი ადამიანის აკვიატების“ გამო მიმდინარეობს, რომელიც უკრაინელების დაპყრობას ისახავს მიზნად, ის პუტინს გულისხმობდა.

პოლიტიკოსის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ან ვერ აცნობიერებს უკრაინელების ტანჯვის მასშტაბებს, ან უბრალოდ არ აინტერესებს.

მან, ასევე, დაადანაშაულა ტრამპი დასავლეთის ერთიანობისა და საერთაშორისო ვალდებულებების ძირის გამოთხრაში და განაცხადა, რომ მან უღალატა დასავლეთს, ნატოს ქარტიას და ადამიანურ ღირებულებებს.