Loading data...
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - პიტ ჰეგსეთი ირანზე დარტყმებზე

აშშ მზადაა, ირანთან ომში წარმატების მისაღწევად იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭიროა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა

„ჩვენი შესაძლებლობები ირანის შესაძლებლობებთან შედარებით გაცილებით დიდია. და გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენს საჰაერო ძალებს ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებთან აერთიანებთ, ეს მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი საჰაერო ძალაა. არც მტერს ვეუბნებით, არც პრესას, არც არავის ვეუბნებით, რა შეზღუდვები გვექნება ოპერაციაზე“, - აღნიშნა ჰეგსეთმა CBS-თან ინტერვიუში.

როგორც ის აცხადებს,  აშშ გამარჯვებისთვის იბრძვის და ირანის კაპიტულაციის პირობებს დონალდ ტრამპი დაადგენს.

„დადგება მომენტი, როდესაც მათ სხვა გზა არ ექნებათ გარდა იმისა, რომ დანებდნენ“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

მისი თქმით, ირანის საზღვაო ფლოტი დიდწილად აღარ არსებობს და შემცირებას გააგრძელებს.

„ირანის საზღვაო ფლოტი დიდწილად აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ნავი იქნება ჩაძირული. ამიტომ, მათი უნარი, საზღვაო თვალსაზრისით, ამ ტერიტორიაზე რაიმე ძალა გამოავლინონ, მცირდება. მცირდება და სულ უფრო და უფრო შემცირდება. ეს მხოლოდ დასაწყისია”, - აღნიშნა ჰეგსეთმა.